PHR
-ი აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას შოვის საქმესთან მიმართებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება

2023 წლის 22 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა შოვის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციისას შემდეგი განცხადებები გააკეთა:  

"აღნიშნულ მასაში რამდენიმე მეტრის მიწის ქვეშ მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო."

"ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო."

აღნიშნული განცხადებების საფუძველზე PHR-მა მიმართა გენერალურ პროკურორს და კვლავ მოითხოვა შოვის საქმის გადაცემა პროკურატურისთვის გამოსაძიებლად.  

რა მტკიცებულებები დევს საქმეში

მაშინ, როდესაც გამოძიების მწარმოებელი ორგანოს ხელმძღვანელი აღნიშნულ განცხადებებს აკეთებდა საკანონმდებლო ორგანოში, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ია მერებაშვილის (გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა) ადვოკატები საქმის მასალებს ეცნობოდნენ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში. 

2023 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა შემდეგი ინფორმაცია

1. რა სიღრმეში და რა მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი თითოეული გარდაცვლილი:

მაშველების მიერ პოვნის პროცესში ცხედრების დასურათება ზოგიერთ შემთხვევაში  არასათანადოდ იყო განხორციელებული. ზოგიერთ გარდაცვლილთან მიმართებით საერთოდ არ მომხდარა დასურათება. ზოგ შემთხვევაში კი გადაღებული იყო მდგომარეობა არა პოვნისას, არამედ ამოყვანის პროცესში. იმ შემთხვევებში, როდესაც გადაღებული იყო გარდაცვლილი პოვნის  მდგომარეობაში, აშკარად ჩანს, რომ  ერთ-ერთი ცხედარი ნაპოვნია არა ღვარცოფული მასის სიღრმეში, არამედ მასის ზედაპირზე ( სხეული ჰორიზონტალურ მდგომარეობაში). ამავდროულად, დადასტურებულია, რომ მაშველებს ან საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს შესაბამისი დოკუმენტები არ შეუდგენიათ,  სადაც დეტალურად იქნებოდა მითითებული გარდაცვლილთა პოვნის შესახებ ობიექტური მონაცემები, მათ შორის რა სიღრმეში იქნა ნაპოვნი ცხედრები.

2. ცხედრების დაზიანების გამომწვევი მიზეზები:

ინტერპელაციის მომენტისთვის საქმეში არ მოიპოვებოდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. გასათვალისწინებელია, რომ 11 გარდაცვლილის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ამ დრომდე არცერთი დაღუპულის გარდაცვალების დრო და მიზეზი დადგენილი არ არის. გარდა ამისა, საქმეში დადგენილი არ არის ცხედრების დაზიანება გამოწვეული იყო ღვარცოფული მასის ზემოქმედებით, ღვარცოფულ მასაში ცხედრების ხანგრძლივად დატოვებით თუმ პოვნის პროცესში გამოყენებული ტექნიკური საშუალებით.

 

რა საფრთხეს ქმნის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საქმეზე წინასწარი დასკვნის გაკეთება

ვინაიდან გამოძიების მწარმოებელი ორგანოს ხელმძღვანელი, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, წინასწარ აკეთებს გამოძიების შედეგების შესახებ იმგვარ დასკვნებს, რაც ცალსახად გამორიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა (მათ შორის იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მხრიდან რაიმე გადაცდომას/დარღვევას, ეჭვქვეშ დგება გამოძიების ობიექტურობა და ყოველმხრივობა.

გათვალისწინებით იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სუბორდინაციული უწყება, მინისტრის აღნიშნული განცხადებები ზეგავლენას ახდენს საქმისმწარმოებელ გამომძიებლებზე და მათთვის სავალდებულო მითითებად იქცევა, რაც განაპირობებს გამოძიების მიკერძოებულად და არასრულად წარმოებას.

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის - შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება გავლენას ახდენს გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგზე. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქმე გამოსაძიებლად გადაეცეს პროკურატურას.

PHR აგრძელებს შოვის საქმეზე მუშაობას და პერიოდულად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ

საქმეზე მუშაობენ ადვოკატები: ანა თავხელიძე და ანა არგანაშვილი 

ფოტო: ნეტგაზეთი


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.