პროკურატურამ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაზარალებულად ცნო დები, რომლებიც ბავშვობის ასაკში, ნათესავის მხრიდან, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. 

ეკა* 31 წლის არის. დაახლოებით 7 წლის იყო, როდესაც, მის მიმართ, ბიძამ სექსუალური ძალადობა დაიწყო. ეკას მიმართ სექსუალური ძალადობა ხშირად ხდებოდა და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მარიამი* დღეს 24 წლისაა.  მის მიმართ გაუპატიურება დაახლოებით 14 წლის წინ მოხდა, იგი  ბიძის მხრიდან ძალადობას სისტემატურად, წლების განმავლობაში განიცდიდა.

სქესობრივი განათლების არქონის პირდაპირი შედეგი

ეკა და მარიამი ბავშვობის ასაკში ვერ აცნობიერებდნენ, რომ ბიძის ქცევა სექსუალური ძალადობა იყო. მათ არც სკოლაში ასწავლეს სექსუალური ძალადობის შესახებ.  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  იმ ასაკში ეკაც და მარიამიც განეკუთვნებოდნენ მოწყვლად ჯგუფს, რომლებსაც ასაკის გათვალისწინებით ხელი არ მიუწვდებოდათ იმ ცოდნაზე და გამოცდილებაზე, რაც მისცემდათ ქმედებების გაცნობიერების საშუალებას და რითაც შექმნილ სიტუაციაში თავს დაიცავდნენ. 

ეკამ და მარიამმა თავიანთი უფლებების დასაცავად ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ძალადობიდან რამდენიმე წელია გასული, შესაძლებელი გახდა მტკიცებულებების შეგროვება.

2023 წლის 01 თებერვალს პროკურორმა დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატის მოთხოვნა ეკას და მარიამის დაზარალებულად ცნობის შესახებ. გამოძიების ამოწურვისთანავე , PHR მოძალადის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას მოითხოვს.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ბავშვების ინფორმირებას სექსუალური ძალადობის შესახებ.  შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 9 ივლისს PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ბავშვის ასაკის შესაბამისი, ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანისა და სწავლების შესახებ.

ფოტო: წყარო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს. 



*ორივე სახელი შეცვლილია..