დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითიც დადგინდა დავით ხუხუას მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, დისკრიმინაციული მოპყრობა - შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან. დისკრიმინაციის ფაქტის გამო მოპასუხეებს დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა საქალაქო სასამართლოს წინარე გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნულ საქმეში დარღვევა ვერ დაადგინა.

 

2016 წლის 15 ივნისს, მოქალაქე დავით ხუხუა სამ თანამგზავრთან ერთად, თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მიემგზავრებოდა მანქანით. დავით ხუხუა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და გადაადგილებისთვის იყენებს ეტლს, რომელიც მგზავრობისას ინახებოდა მანქანის საბარგულში. მანქანის გაუმართაობის გამო, მათ მოუწიათ მისი გაჩერება, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიუახლოვდათ. პოლიციელების მხრიდან მანქანის დაყოვნება გაგრძელდა რამდენიმე საათით. მთელი ამ დროის განმავლობაში  მოსარჩელე პატრულ-ინსპექტორებს სთხოვდა ეტლის საბარგულიდან გადმოტანაში დახმარებას, რადგან ესაჭიროებოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. დავით ხუხუას თანამგზავრებმა მინიმუმ 8-ჯერ სცადეს ეტლის საბარგულიდან გადმოღება, თუმცა, ამის საშუალება მათ პატრულ-ინსპექტორებმა არ მისცეს.

 

საპატრულო პოლიციის მხრიდან, მანქანაში თავისუფლების შეზღუდვის მთელი დროის განმავლობაში დავით ხუხუას უწევდა შარდის შეკავება. რის  გამოც მას დაეწყო ძლიერი სპაზმი და განიცდიდა მძიმე ტკივილს. საბოლოოდ, კი იძულებული გახდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა ავტომანქანაში - საჯარო სივრცეში, სხვების თანდასწრებით. ამის შემდეგ, მას რამდენიმე საათი მოუწია ამ მდგომარეობაში მანქანაში დარჩენა. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია დავით ხუხუას ღირსების შელახვა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა - შეზღუდული შესაძლებლობის გამო დისკრიმინაციული ნიშნით.

 

PHR 2016 წლიდან იცავს დავით ხუხუას ინტერესებს სასამართლოში. აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტაციის სასამართლოს მოსამართლემ სოფიო გაგნიძემ, ვერ დაინახა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციელების მოქმედება/უმოქმედობა კანონიერად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე, ჯერ კიდევ 2016 წელს, დისკრიმინაცია დადგენილი ჰქონდა სახალხო დამცველსაც[1].

 

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც:

 

  • გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

  • დადგინდა დავით ხუხუას მიმართ შსს-ს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

 

  • მოპასუხეებს დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასახავს საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციით და შშმ პირთა გაეროს კონვენციით გარანტირებულ უფლებებსა და ღირებულებებს. მიზნად ისახავს სამართალდამცავთა სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომების გამოსწორებას და სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება იცავს ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ღირსებას, ამავე დროს, იგი პრევენციული ღონისძიებაა, რათა მომავალში აღარ მოხდეს შშმ პირების მიმართ ღირსების შემლახველი და დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცავების მხრიდან.

 

PHR ულოცავთ დავით ხუხუას მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად ღირსეულ გამარჯვებას!  

 

სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილი იყო: მოსამართლე მანანა ჩოხელის (მომხსენებელი მოსამართლე), მოსამართლე ხატია არდაზიშვილის და მოსამართლე ნინო ყანჩაველის კოლეგიის შემადგენლობით.

 

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.