2021 წლის ზამთარში PHR-ი ნანას (სახელი შეცვლილია) საქმეში ჩაერთო. ნანა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალია. მასზე ოჯახის ახლობელმა მის ბავშვობაში იძალადა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული პირი გაამართლა, ხოლო ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა საადვოკატო ბიუროს სოციალურ გვერდზე ნანას საქმის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სახელი და გვარი ინიციალებით იქნა აღნიშნული, პოსტის მეშვეობით გასაჯაროვდა ისეთი ინფორმაცია საქმის დეტალების, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ, რომ მთლიანობაში იდენტიფიცირებადი გახდა დაზარალებული.

PHR-მა განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვა აღნიშნული საკითხის შესწავლა და რეაგირება. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაიზიარა PHR-ის პოზიცია და დაადგინა, რომ საადვოკატო ბიუროს მხრიდან მოხდა სამართალდარღვევა, კერძოდ - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რის გამოც საადვოკატო ბიურო დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ბიუროს დაევალა ორგანიზაციის სოციალური გვერდიდან აღნიშნული პოსტის აღება.

PHR-ი აგრძელებს დაზარალებული ქალის დაცვას.