2022 წლის აპრილში, PHR-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მორიგი საქმე მოიგო, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არანებაყფლობითი მკურნალობის მიზნით, ქალის უკანონო მოთავსების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას ეხება.

ისტორია

2019 წლის 31 აგვისტოს ნინო* საკვები პროდუქტის შესაძენად გავიდა სახლიდან. დაბრუნებიდან რამდენიმე საათში კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ნინომ კარი გააღო. მასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მისული. ადგილზე არ მომხდარა არანაირი კონფლიქტი ან დაძაბულობა. პოლიციის ეკიპაჟმა სამედიცინო შემოწმებისთვის ნინოს კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა. ქალი დაიბნა, ვერ მიხვდა იმ მომენტში რა შეეძლო გაეკეთებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა კლინიკაში. გზად ნინომ გაიგო რომ პოლიციისთვის მის დას დაურეკია. მან უთხრა პოლიციელებს, რომ თავად იყო ოჯახის წევრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და მის დასაცავად შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული რამდენიმე დღის წინ.ამ ინფორმაციაზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია და ნინო ფსიქიატრიული კლინიკაში მიიყვანა საიდანაც ის აღარ გამოუშვეს. (ისტორია ვრცლად)

 

დარღვევები

 

ნინოს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანის დროს და იქ მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური შესწავლა. კერძოდ, პოლიციამ და ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ქალის მონაყოლი რაც ფაქტებით იყო დადასტურებული (დის მხრიდან ნინოზე ფიზიკური ძალადობა, რის გამოც მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, პოლიციისა და სასწაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება მოძალადე დის მიერ მოხდა, მაშინ, როცა თავად ნინო იყო ძალადობის მსხვერპლი და დასაცავი დის მხრიდან). საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრების მოსაზრებას მოუსმინა და ნინო 6 თვით ფსიქიატრიულში, მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა.

 

PHR-ის დახმარებით ნინომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში კანონის დარღვევით მოთავსების გამო.

 

გაგრძელება

 

PHR-მა ნინოსთან ერთად დაიწყო სამოქალაქო დავა კლინიკის წინააღმდეგ და ნინოს თავისუფლების უკანონო შეზღუდვის გამო, რამაც მას ტკივილი და ტანჯვა განაცდევინა, მისთვის მორალური ზიანის  ანაზღაურება მოითხოვა.

 

სასამართლოს ორმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ნინოს მოთხოვნა და კლინიკას მორალური ზიანის გადახდა დააკისრა.


როგორ მოიგო ნინომ

თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი განსაკუთრებული იყო ნინოსთვის. მოსამართლემ სათანადოდ მოისმინა ქალის ისტორია, მისცა მას საჭირო დრო ისტორიის მოსაყოლად. ქალი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკანონოდ, ნების საწინააღმდეგოდ ყოფნის გამო განცდილ სტრესზე და ფსიქოლოგიურ ტკივილზე ისაუბრა მოსამართლესთან, ასევე უყვებოდა რომ კმაყოფილი იყო მართლმსაჯულებით როცა მოსამართლე, მივიდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მასთან, იქ ჩაატარა პროცესი და  ფსიქიატრიულიდან მისი გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.


ნინო უხსნიდა მოსამართლეს, რომ  მის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამოსწორებით სასამართლო ყველა სხვა ადამიანს დაეხმარებოდა, რომელსაც შესაძლოა ასე მოქცეოდნენ. ამიტომ უნდა შეცვლილიყო პრაქტიკა არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების კონტროლის შესახებ სასამართლოს მხრიდან.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, მოისმინა არგუმენტაცია და ნინოს მოთხოვნა მეორე ინსტანციაშიც სრულად დააკმაყოფილა.


PHR-ი აგრძელებს ქალთა უფლებების დაცვას განსაკუთრებით იქ სადაც დიდია სტიგმა და ადამიანებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი იურიდიულ მომსახურებაზე.  თუ შენი უფლება ირღვევა დაგვიკავშირდი: 0322331356

 

*კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით მოსარჩელეს სახელი შეცვლილია



სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდებოდა USAID/PROLoG ფინანსური მხარდაჭერით.