როგორ ესმის საზოგადოებას სექსუალური განათლება და რა არის მისი რეალური შინაარსი?

 

ჩვენს ქვეყანაში სექსუალური განათლება მოსახლეობას სხვადასხვაგვარად ესმით. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ის ვიწრო კონტექსტში განიხილება და დაკავშირებულია სქესობრივი კონტაქტების სწავლებასთან. ბლოგში განვიხილავთ ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მნიშვნელობასა და იმ სტერეოტიპებს, რაც მის საგანმანათლებლო პროგრამებში დანერგვას უშლის ხელს.

სექსუალური განათლების ზუსტ განმარტებას გვთავაზობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO).

WHO: სექსუალური განათლება არის განათლება სექსუალობის კოგნიტურ, ემოციურ, სოციალურ, ინტერაქტიულ და ფიზიკურ ასპექტებზე;[1]

UNESCO: სექსუალური განათლება ნიშნავს სექსუალობის კოგნიტური, ემოციური, ფიზიკური და სოციალური ასპექტების შესახებ სწავლებაზე დაფუძნებულ პროცესს. მისი მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების უზრუნველყოფა ცოდნით, უნარებით, დამოკიდებულებებითა და ღირებულებებით, რომელიც მათ გააძლიერებს, რათა მოახდინონ თავიანთი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ღირსების რეალიზება; განავითარონ პატივისცემაზე დაფუძნებული სოციალური და სექსუალური ურთიერთობები, გაიაზრონ და უზრუნველყონ თავიანთი უფლებების დაცვა მთელი ცხოვრების მანძილზე;[2]

სექსუალურ განათლებას აქვს ორი ძირითადი მიზანი:

სამეცინიერო მტკიცებულებებზე დაფუძვნებული სექსუალური განათლება მოიცავს ინსტრუქციას ჯანსაღი სექსუალური გადაწყვეტილებების მიღების, სექსუალური ძალდადობის თავიდან აცილების, პირადი სივრცისა და უსაფრთხოების, იძულებითი ქორწინება, ნაადრევი ორსულობის და მშობიარობის, გენდერული თანასწორობის, სქესობრივი გზით გადაამდები დაავდებების შესახებ, რომლის მიზანია გააუმჯობესოს და ხელი შეუწოს მოზარდთა ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.[3]

ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება ძალადობასთან, ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ძლიერი ინსტრუმენტია. სექსუალური განათლების სარგებელი, როდესაც ის ყოვლისმომცველია, გაცილებით მეტია, ვიდრე სექსუალობასთან დაკავშირებული რეპროდუქციისა და ჯანმრთელობის რისკების შესახებ ინფორმაცია.

სექსუალური განათლება აუცილებელია ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ექსპლუატაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლისთვის.

ევროპის საბჭოს კონვენცია ბავშვთა დაცვის შესახებ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან („ლანსაროტის კონვენცია“) [4]მოითხოვს სახელმწიფოებისგან, რომ „უზრუნველყონ დაწყებითი და საშუალო განათლების პერიოდში ინფორმაციის მიღება ბავშვებისთვის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის რისკების, ასევე საკუთარი თავის დაცვის საშუალებების შესახებ, მათი განვითარებადი შესაძლებლობების შესაბამისად“.

ლანსაროტეს კომიტეტმა, რომელიც პასუხისმგებელია კონვენციის განხორციელების მონიტორინგზე,  ხაზი გაუსვა, რომ სკოლის გარემო განსაკუთრებით შესაფერისია ოჯახში ან მათ „ნდობის წრეში“ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფართოდ გავრცელებული პრობლემის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.[5]

ანალოგიურად, სექსუალური განათლება გადამწყვეტია გენდერული ძალადობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ამგვარად, მან ხელი უნდა შეუწყოს განათლების ადრეული ეტაპებიდანვე ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის სასარგებლოდ ძლიერი გზავნილების გადაცემას, არასტერეოტიპული გენდერული როლების ხელშეწყობას, ურთიერთპატივისცემის, სექსუალურ ურთიერთობებზე თანხმობის, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარებისა და პიროვნული მთლიანობის პატივისცემის შესახებ განათლებას, როგორც ამას სტამბოლის კონვენცია მოითხოვს.

ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ უფლება მიიღონ სანდო, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია სექსუალური განათლების შესახებ. თუმცა, სექსუალური განათლება სკოლებში ჯერ კიდევ მგრძნობიარე საკითხია. მას შემდეგ, რაც ის პირველად შევიდა ევროპული სკოლის სასწავლო გეგმებში 1970-იან წლებში, მშობლები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკოსები კამათობენ იმის შესახებ, თუ რა საკითხი რომელ ასაკში უნდა ისწავლებოდეს.

სტერეოტიპები სექსუალური განათლების შესახებ

მოსწავლის მიერ არაოფიციალურად მიღებული ცოდნა, სექსუალური განათლების შესახებ, ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან. მოიცავს სტერეოტიპულ შეხედულებების ქალის და მამაკაცის როლების შესახებ, რაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ქალებს და გოგონებს, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს და გოგონებს. [6]

სექსუალური განათლების რეალურ შინაარსზე ადამიანების წვდომის არქონა იწვევს მათ არასწორ აღქმას. ასევე სექსუალური განათლების შესახებ ცრურწმენების გაღრმავებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს  ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება სარგებელზე ბავშვებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, ამჟამად ჩვენ ვაწყდებით წინააღმდეგობებს სკოლებში სავალდებულო სექსუალური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით. რადგან საზოგადოების ნაწილი, თვლის, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის ტრადიციულ ან/და რელიგიურ ღირებულებებს.

ევროპის საბჭოს ბევრმა წევრმა სახელმწიფომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ასეთი განათლების მიწოდებისა და მისი შინაარსის გაუმჯობესების მიმართულებით, რათა ის სცილდებოდეს ბიოლოგიასა და რეპროდუქციას და ნამდვილად მოხდეს ბავშვებისთვის ცოდნის გაზიარება მათი სხეულისა და უფლებების შესახებ, ასევე, გენდერული თანასწორობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ (მიდგომა, რომელსაც ხშირად ყოვლისმომცველ სექსუალური განათლებას უწოდებენ).

მნიშნველოვანია აღინიშნოს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი  თვლის, რომ როდესაც ბავშვები იზრდებიან, ისინი სპონტანურად იძენენ ინფორმაციას სქესობრივ კავშირზე. მაგალითად, ისინი ვარაუდობენ, რომ როდესაც ქალები მენსტრუაციის ასაკს მიაღწევენ, ისინი ავტომატურად შეისწავლიან ქალის ფიზიოლოგიას. არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული სექსუალური პრაქტიკა შეიძლება იყოს სექსუალური განათლების შემცვლელი ცოდნის გადაცემის თვალსაზრისით.

 

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სექსუალობა ინსტინქტური ლტოლვაა და როდესაც ბავშვები გარკვეულ ასაკს და სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევენ, ისინი ბუნებრივად მიიღებენ ინფორმაციას ამის შესახებ. თუმცა, არაერთი მონაცემის მიხედვით, საშუალო სკოლის მოსწავლეების მნიშვნელოვნად მაღალმა პროცენტმა არ იცოდა ან არასდროს სმენია სექსუალური შეხების, სექსუალური ძალადობის, გარყვილი ქმედების, ოვულაციის, ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ცნებების შესახებ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მოზარდების ცოდნა შეზღუდული და ზედაპირულია.

 

ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ სექსუალურმა განათლებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში სექსუალური სტიმულაცია, ასევე ადრეული სექსუალური მომწიფების სტიმულირება. აღნიშნულზე დასაბუთებული პასუხს სცემს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია. მათ ყოვლისმომცველ კვლევაში სექსუალური განათლების სექსუალურ ქცევაზე გავლენის შესახებ, განმარტებულია, რომ სექსუალურ განათლებას ჰქონდა პირიქით, პირველი სქესობრივი აქტის გადადების, სქესობრივი აქტის სიხშირისა და სექსუალური პარტნიორების რაოდენობის შემცირების ეფექტი [7].

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექსუალური განათლების წინააღმდეგ არსებული სტერეოტიპები ართულებს მის ეფექტურად გავრცელებას და განხორციელებას. ასევე, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების ფართოდ გავრცელების ნაკლებობა მისი სტერეოტიპიზაციის ყველაზე უშუალო შედეგია.

აღნიშნულის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სამივე რგოლის: ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების გაერთიანება.  პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა აღიაროს სექსუალური განათლების მნიშვნელობა და იბრძოლოს თემასთან დაკავშირებული ცრურწმენების შეცვლისკენ, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვის გზით. გარდა ამისა, სკოლებმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა სექსუალური განათლება სავალდებულო საგანად იქცეს და სპეციალისტები მოამზადონ. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია გამოიყენოს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკები.

საგანმანათლებლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მასწავლებლების გადამზადება სექსუალური განათლების მიმართულებით. რადგან მასწავლებლები, რომლებსაც სექსუალური განათლების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპები აქვთ, ვერ შეძლებენ მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ინფორმაციის გაზიარებას და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას. საგანმანათლებლო სისტემის ვალდებულებაა ასევე მშობლების ცნობიერების ამაღლებაც.

 

სტერეოტიპები ყალიბდება როგორც სოციალური, კულტურული, ისტორიული და ფსიქოლოგიური პროცესების შედეგი. სტერეოტიპები ხშირად ნარჩუნდება ოჯახში, სკოლაში, მედიასა და სხვა სოციალურ გარემოში. ბავშვები სწავლობენ იმ გზავნილებით, რასაც ხედავენ და ისმენენ. სტერეოტიპები შეიძლება გამომდინარეობდეს წარსულში არსებული ძალაუფლებრივი უთანასწორობებიდან – მაგალითად, რასობრივი ან გენდერული დისკრიმინაციიდან. ასეთი სტერეოტიპები ხშირად ემსახურება სტატუს-კვოს შენარჩუნებას – ანუ ძლიერი ჯგუფის უპირატესობის განმტკიცებას. ხანდახან ადამიანი საკუთარი ერთჯერადი ან შეზღუდული გამოცდილებიდან აკეთებს ზოგად დასკვნებს მთელ ჯგუფზე.

 

საბოლოო ჯამში, ვიდრე საზოგადოება ვერ შეთანხმდება რას ნიშნავს სექსუალური განათლება, ყოველდღე არაერთი ბავშვი არის შიშსა და სიჩუმეში, რადგან მათ არ იციან როგორ გაუმკლავდნენ განათლების არქონით გამოწვეულ დაბრკოლებებს.

 

ავტორი: სოფო მენაბდიშვილი



[1] WHO Regional Office for Europe and BzgA, Standards for Sexuality Education in Europe, 2010;

[2] International technical guidance on sexuality education, UNESCO, 2018.

[3] სექსუალური განათლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის Cora C. Breuner , Gerri Mattson , კომიტეტი ADOLESCENCE და კომიტეტის ფსიქო-სოციალური ასპექტების CHILD AND FAMILY HEALTHპედიატრია 2016 წლის აგვისტო, 138 (2) e20161348; DOI: https://doi.org/10.1542/peds.2016-1348

[6] სექსუალური განათლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის Cora C. Breuner , Gerri Mattson , კომიტეტი ADOLESCENCE და კომიტეტის ფსიქო-სოციალური ასპექტების CHILD AND FAMILY HEALTHპედიატრია 2016 წლის აგვისტო, 138 (2) e20161348; DOI: https://doi.org/10.1542/peds.2016-1348)