შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები


სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული პირის შესაძლებლობას, თავისუფლად და უსაფრთხოდ მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულისა და სექსუალური/რეპროდუქციული ცხოვრების შესახებ. სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ქოლგა ტერმინია ოთხი სხვადასხვა სფეროსთვის: სექსუალური ჯანმრთელობა, სექსუალური უფლებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებებიაღნიშნული უფლება აღიარებულია  როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და მოიცავს ისეთ უფლებებს როგორიცაა: ჯანმრთელობის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, სიცოცხლის უფლება, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება, ღირსების უფლება.

შშმ ქალებს, სხვების თანასწორად აქვთ სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა: სექსუალურ განათლებაზე,   კონტრაცეფციის საშუალებებზე, ჯანმრთელობის სერვისებზე, ასევე, შშმ ქალებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება: გააჩინონ თუ არა შვილი და როდის.  მიუხედავად ამისა, შშმ ქალები  დღემდე აწყდებიან ბარიერებს აღნიშნული უფლებებით სარგებლობისას.

უსინათლო ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ კონტრაცეფციის მედიკამენტები, მათიინსტრუქცია მხოლოდ ტექსტურადაა მოწოდებული და ფარმაცეპტული პროდუქტის შეფუთვებზე არ არის ბრაილის შრიფტი. ასევე, ციფრული პლატფორმები, რომლებიც გვთავაზობენ ონლაინ კონსულტაციას ან პროდუქტის შეკვეთას, არ არის ადაპტირებული უსინათლო პირებისთვის და უმეტესად მსგავსი აპლიკაციით სარგებლობისას ხმოვანი ანოტაცია არ არის მისაწვდომი, რაც იმას ნიშნავს, რომ უსინათლო ქალმა აუცილებლად ოჯახის წევრის ან ვინმე სხვა პირის დახმარებით უნდა შეარჩიოს და შეიძინოს აღნიშნული მედიკამენტი.  

ორსულობის ტესტი - უსინათლო ქალებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია დამოკიდებლად ორსულობის ტესტის გამოყენება, რადგან ორსულობის ტესტს არ აქვს ბრაილის შრიფტი ან მაგალითად ვიბრაცია,[1] რომ უსინათლო ქალმა დამოუკიდებლად გაიგოს ტესტის შედეგი, აღნიშნულის გამო უსინათლო ქალი იძულებულია ოჯახის წევრს ან სხვა პირს სთხოვოს აღნიშნულში დახმარება ან/და მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შშმ პირთა კონვენციით უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას.[2]

აბორტის რეგულაციები - 2023 წლის ნოემბერში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სავალდებულო გახდა ფსიქოლოგისა და სოციალურ მუშაკის აბორტის წინა კონსულტაცია, რაც დამატებითი ბარიერია შშმ ქალებისთვის და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან ამ დროს კონსულტაცია არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულოა.  როგორც სოციალური მუშაკის, ასევე, ფსიქოლოგის ანაზღაურების გადახდა უწევს ქალს და ეს ზრდის ფინანსურ ხარჯებს.  ზემოაღნიშნული პირების სავალდებულო წესით ჩართულობა ზრდის კონფიდენციალურობის დარღვევის რისკსაც. ასევე,  5 დღიანი მოცდის ვადა,  იმას ნიშნავს, რომ ქალი მინიმუმ 2-ჯერ უნდა მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ასევე ფინანსებს ზრდის.  აღნიშნული უფრო მეტად რთულდება რეგიონში მცხოვრები შშმ ქალებისთვის, რადგან რეგიონების უდიდეს ნაწილში ფაქტობრივად არ არსებობს აბორტის სერვისი და ქალს უწევს დამატებითი ხარჯის გაღება ისეთ კლინიკაში ორჯერ ვიზიტისთვის, სადაც ეს სერვისი არსებობს.

სამედიცინო პერსონალის გადამზადება - სამედიცინო პერსონალის მიდგომა შშმ ქალებთან სავსეა დისკრიმინაციითა და სტერეოტიპებით.  ექიმები ან ფარმაცევტები იშვიათად გადიან სპეციალურ ტრენინგს, როგორ გაუწიონ კონსულტაცია შშმ ქალს, ისე რომ არ დაარღვიონ მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება.  ექიმები საუბარში ხშირად მიმართავენ მესამე პირს (ოჯახის წევრს) და მათ ესაუბრებიან პაციენტის ნაცვლად,  რაც, ცხადია არღვევს პირის კონფიდენციალობასა და ავტონომიას. დიდი გამოწვევაა რეგიონებში მცხოვრები შშმ ქალებისთვის მაგალითად სექსოლოგის კონსულტაციის მიღება, რადგან აღნიშნული დარგის სპეციალისტები ისედაც ცოტაა და განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც აღნიშნული თემა ტაბუდადებულია, შესაბამისად შშმ ქალს თანხმლებ პირთად ერთად უწევს რომელიმე დიდ ქალაქში ჩასვლა აღნიშნული მომსახურების მისაღებად.

სექსუალური განათლება - მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები აუცილებლად მოიცავს  სექსუალურ განათლებას, აღნიშნული უფლებით შშმ ქალები დღემდე ვერ სარგებლობენ, სახელმწიფოს არ აქვს დანერგილი სექსუალური განათლება შშმ პირებისთვის [3]  რაც, ცხადია ზრდის მათ მოწყვლადობას. სექსუალური განათლება აუცილებელია იმისათვის, რომ შშმ ადამიანებმა იცოდნენ: რას ნიშნავს პირადი სივრცე და სხეულის საზღვრები; რა არის თანხმობა და როგორ გამოავლინონ ან უარყონ ის; როგორ და როდის თქვან “არა” არასასურველ ქმედებებზე. სექსუალური განათლება მიზნად ისახავს ძალადობის პრევენციასაც, რადგან შშმ პირები ხშირად არიან სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ აქვთ წვდომა ადეკვატურ ცოდნაზე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე არსებობა არ არის საკმარისი. დღეს საქართველოში შშმ ქალებს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების რეალიზებაში მრავალი ბარიერი ხვდებათ, მათ შორის ინფორმაციის მიუწვდომლობა (არაადაპტირებული ფორმატები), სტიგმა და საზოგადოებრივი სტერეოტიპები, ბარიერები სერვისებზე წვდომისას, პროფესიონალების (ექიმები, პედაგოგები) არაკომპეტენტურობა და მომზადების ნაკლებობა დაპოლიტიკური ნების არარსებობა.სწორედ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნება, რომ შშმ ქალებისთვის რეალიზებული იყოს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებით სარგებლობა. ამ მიზნით სახელმწიფომ უნდა: დანერგოს სექსუალური განათლება შშმ ქალებისთვის, დანერგოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები შშმ ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე, შშმ ქალებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციასა და სერვისებზე მისაწვდომობა ადაპტირებული ფორმით, უზრუნველყოს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებით სარგებლობა და შშმ პირთა უფლებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

 

ავტორი: თამარ ზარქუა



[1] - Apt — ვიბრაციის მექანიზმით მომუშავე ტესტი, რომელიც შეხებით აცნობს მომხმარებელს შედეგს; https://www.salonibedi.work/apt?utm_source=chatgpt.com

[2] შშმ პირთა კონვენციის მე-19 მუხლი.

[3] ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიმოხილვისა და შეფასების UNESCO-ს ინსტრუმენტის (SERAT) მიხედვით,2022 წ.