განათლება, როგორც უფლებების დაცვის საშუალება

 

ადამიანის უფლებების შესახებ განათლებაში მნიშვნელოვანია სამი კომპონენტის - ცოდნის, უნარებისა და მიდგომების გათვალისწინება და მათი შესრულება. ადამიანის უფლებების შესახებ თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აღნიშნული უფლებების დასაცავად, თუმცა საკმარისი არ არის. აუცილებელია ცოდნის პრაქტიკაში გამოიყენება. ადამიანს, რომელიც იღებს განათლებას ადამიანის უფლებების შესახებ, უნდა შეეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა და ამავდროულად, სხვების უფლებების პატივისცემა.[1]

ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ გაეროს დეკლარაცია (2011) პირველი ინსტრუმენტია, რომელშიც გაერომ ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ სტანდარტები ოფიციალურად გამოაცხადა. ის მოიცავს საკვანძო კომპონენტების ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია ადამიანის უფლებების შესახებ განათლების უზრუნველსაყოფად. დეკლარაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებების შესახებ განათლებას, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ერთერთ მთავარ წინაპირობას. ამავდროულად, დეკლარაცია საგანგებოდ მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების განსაკუთრებულ როლზე განათლების პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების ზედამხედველობაზე.[2]

განათლებისა და ადეკვატური სერვისების მიწოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს მიერ საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება განსაზღვრულია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის მიერაც. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს უფლება აქვთ ქონდეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითზე, რაც აუცილებელია მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული სექსუალური განათლება მოიცავს ინსტრუქციას ჯანსაღი სექსუალური გადაწყვეტილებების მიღების, სექსუალური ძალადობის თავიდან აცილების, პირადი სივრცისა და უსაფრთხოების, იძულებითი ქორწინების, გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მიზანია გააუმჯობესოს და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლება განიმარტება როგორც: „სქესისა და ურთიერთობების შესახებ ასაკის შესაბამისი, კულტურულად რელევანტური სწავლების მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერულად ზუსტი, რეალისტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის გადაცემას. სქესობრივი განათლება სქესობრივი განვითარების პროცესის შესახებ ადამიანის სანდო ინფორმაციით აღჭურვას ემსახურება, რაც ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სქესობრივი ურთიერთობების სფეროში გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობაა. ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლება მოიცავს ინფორმაციის, უნარებისა და ღირებულებების სრულ სპექტრს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები და მიიღონ საკუთარ ჯანმრთელობასა და სექსუალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს ჯანმრთელობის უფლების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული უფლება, ასევე ასახულია ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში. მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას, განიცდიან მრავალმხრივ დისკრიმინაციას, როგორც კანონმდებლობაში მათ პირთა საჭიროებებზე არასათანადო მნიშვნელობის მინიჭებით, ასევე პრაქტიკაში სათანადო და მისაწვდომი სერვისების არარსებობით.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება ასევე განუყოფელია და ურთიერთდამოკიდებულია ადამიანის სხვა უფლებებთან. ეს მჭიდრო კავშირშია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან, რომლებიც ემყარება ფიზიკური და ფსიქიკური მთლიანობის ინდივიდებსა და მათ ავტონომიას, მაგალითად, როგორიცაა სიცოცხლის უფლებები; პიროვნების თავისუფლება და უსაფრთხოება; თავისუფლება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან; პირადი ცხოვრების დაცვა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა; დისკრიმინაციისა და თანასწორობის განუყოფლობა.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მათთან დაკავშირებული უფლებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებისათვის, რამდენადაც ისინი ინტერსექციურად განიცდიან ჩაგვრასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას როგორც შეზღუდული შესაძლებლობის, ასევე, გენდერის ნიშნითაც. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია სხვადასხვა ფორმის გენდერული ძალადობის მიმართ.

შშმ ქალებისა და გოგონების, როგორც მეტად მოწყვლადი ჯგუფის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების და საჭიროებების შესწავლა არსებითად მნიშვნელოვანია. აღნიშნული საჭიროებს არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების ფუნდამენტურ ანალიზსა და არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ძირეულ რეფორმირებას. საქართველოში არსებულმა საკანონმდებლო გარემომ და პოლიტიკამ სრულყოფილად უნდა უპასუხოს აღნიშნულ ჯგუფთან დაკავშირებულ საჭიროებებს, მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებმა სხვათა თანასწორად უნდა მიიღონ ასაკის შესაბამისი, ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სექსუალური განათლება, რომელიც შემუშავებულია მისაწვდომი ფორმატით და ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.

სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა ინდივიდსა და ჯგუფს ქონდეს წვდომა  სექსუალურ განათლებაზე და ინფორმაციაზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც არის დისკრიმინაციისგან თავისუფალი, ობიექტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მხედველობაში იღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განვითარებად შესაძლებლობებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეულ ქალს უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, ინფორმაციასა და მომსახურებაზე ერთი და იგივე  ხარისხით და სტანდარტებით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

თანასწორობა მოითხოვს არა მხოლოდ იურიდიულ და ფორმალურ თანასწორობას, არამედ შინაარსობრივ თანასწორობას. არსებითი თანასწორობა მოითხოვს, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი იყოს ცალკეული ჯგუფების  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებები, ასევე, აღმოფხვრილი იყოს ნებისმიერი ბარიერი, რომელსაც შეიძლება მოწყვლადი ჯგუფები შეხვდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ არა მხოლოდ იგივე ხარისხის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებით, არამედ იმ მომსახურებით, რაც მათ განსაკუთრებით სჭირდებათ თავიანთი შეზღუდული შესაძლებლობების გამომდინარე.

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზება განუყოფელია ქალთა ავტონომიისა და მათი გაცნობიერებული გადაწყვეტილებისგან მათ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. გენდერული თანასწორობა მოითხოვს, რომ მოხდეს ქალთა ჯანდაცვის საჭიროებების გათვალისწინება და ადეკვატური მომსახურების შეთავაზება ქალებისათვის მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ხშირად, შშმ ქალები არც განიხილებიან რეპროდუქციული უფლებების სუბიექტებად და მათი საჭიროებები სახელმწიფო პოლიტიკის მიღმა არის დარჩენილი. უმნიშვნელოვანესია შშმ ქალებსა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებისა და საჭიროებების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების ფუნდამენტური ანალიზი. ამასთან,  არსებული მარეგულირებელი ჩარჩო საჭიროებს ძირეულ რეფორმას, იმისთვის, რომ საქართველოში არსებულმა საკანონმდებლო გარემომ და პოლიტიკამ სრულყოფილად უპასუხოს აღნიშნულ ჯგუფთან დაკავშირებულ საჭიროებებს, შშმ ქალებისა და გოგონების ცხოვრების ხარისხის ამაღლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის 24- ზოგადი რეკომენდაციის მიხედვით, ყველა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი ხშირად აწყდება ბარიერებსა და სირთულეებს ჯანდაცვის სერვისების ფიზიკური მისაწვდომობის კუთხით. ქალები, რომელთაც ფსიქო-სოციალური საჭიროებები აქვთ განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან. შესაბამისად, სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, რათა ჯანდაცვის სერვისები შშმ ქალთა საჭიროებების მიმართ სენსიტიური იყოს და პატივს სცემდეს მათ უფლებებსა და ღირსებას. [3]

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-6 მუხლი დამატებით განამტკიცებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების განვითარების, წინსვლის, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფიას, ასევე, მათთვის მინიჭებული უფლებებისა და ძირითად თავისუფლებებით სარგებლობის უფლებას. სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები მრავალგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და თანხმდებიან, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება.[4]

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პრაქტიკაში რეალიზება, ასევე, მოიცავს შშმ ქალთა და გოგონათა ძალადობისგან დაცვას, რომელიც ასახულია კონვენციის მე-16 მუხლში. ამასთან, CRPD-ის N3 ზოგადი კომენტარის მიხედვით, შშმ ქალები, სხვა ქალებთან შედარებით, მეტად არიან ძალადობის, ექსპლუატაციისა და სასტიკი მოპყრობის საფრთხის წინაშე. შშმ ქალების მიერ ისეთი უფლებებით სარგებლობა, როგორიცაა ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისგან თავისუფლება, შეიძლება შეაფერხოს მავნებლურმა სტერეოტიპებმა, რომლებიც აძლიერებს ძალადობის რისკს. ასეთი სტერეოტიპები განაპირობებს შშმ ქალთა ინფანტილიზაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებას; შშმ ქალების ასექსუალურ ან ჰიპერსექსუალურ პირებად აღქმა, ასევე, მცდარი წარმოდგენები და მითები, რომლებზეც ძლიერი გავლენა აქვს ცრურწმენას, ზრდის სექსუალური ძალადობის რისკს. ყველაფერი ეს ხელს უშლის შშმ ქალებს მე-16 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობაში. [5]

აღნიშნულ სფეროში გამოწვევებისა და სირთულეების არსებობიდან გამომდინარე, შესაბამისმა ინსტიტუციებმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად. სქესობრივი განათლების საკითხებში ავთენტური ინფორმაციის ფლობა და სერვისები ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს.

მიუხედავად უკანასკნელ პერიოდში საქართველოში არსებული ურთულესი მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების საჭიროებები ვერ დაკარგავს აქტუალობას, რადგან ყოველდღიურად არაერთი ქალი ხდება ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების პროპორციულად კი ყოველდღე მეტად შორდებიან თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას.

 

ავტორი: თამარ გაბოძე



[1] (The Danish Institute for Human Rights, Guide to a Strategic Approach to Human Rights Education, How NHRI’s can benefit from their unique position and set winning priorities, 2017,)

[2] (The United Nations Declaration on Human Rights Education and Training; 2011. მე-8 მუხლი, პუნქტი 2)

[3] UN Committee on the Elimination of Discrimination against Women (CEDAW), CEDAW General Recommendation No. 24: Article 12 of the Convention (Women and Health), 1999, A/54/38/Rev.1, chap. I

[4] 20 CRPD/C/GC/3, ზოგადი კომენტარი №3 (2016) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების შესახებ, პარა. 15 21 მუხლი 23 პუნქტი 1 (a) 22 მუხლი 23 პუნქტი 1 (b) 23 მუხლი 23 პუნქტი 1 (c) და

[5] CRPD/C/GC/3, ზოგადი კომენტარი №3 (2016) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების შესახებ, პარა. 29-30