ბლოგის ავტორი PHR-ის იურისტი

თამარ გაბოძე

შესავალი 

მართლმსაჯულების მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. იგი წინაპირობაა სხვა უფლებების რეალიზებისთვის. თუმცა ამ უფლებით სარგებლობა შშმ პირთათვის, სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად რჩება. ამას ხელს უწყობს როგორც საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები, ასევე სახელმწიფოს მიერ პოლიტიკისა  და საკანონმდებლო დონეზე შშმ პირთა უფლებების უგულებელყოფა.

სტერეოტიპები

არსებობს მცდარი წინასწარ განწყობა და სტერეოტიპული შეხედულებები იმის შესახებ, რომ:

  • შშმ პირი არასწორად  აღიქვამს ფაქტებს;
  • შშმ პირებს არ შეუძლიათ დაიმახსოვრონ და გამოძიებას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია;
  • შშმ პირებზე განხორციელებული ძალადობა მათი ფანტაზიის ნაყოფია.

სტატისტიკა და მეცნიერება, არცერთ ამ სტერეოტიპს რეალობაში არ ადასტურებს.

 

კანონი ნორმა, რომელიც აძლიერებს სტერეოტიპებს და არღვევს უფლებებს

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს კანონმდებლობით ევალება ამ მცდარი სტერეოტიპების აღმოფხვრა და შშმ პირთათვის მართლმსაჯულების უფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უზრუნველყოფა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში თავად გვთავაზობს დისკრიმინაციულ კანონის ნორმას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად:   საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად: „არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები  და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება“.

კანონმდებლობაში ასახული ეს დისკრიმინაციული ჩანაწერი არღვევს შშმ პირთა თანასწორობისა და მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლებას და ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას.

რას აკეთებს სახელმწიფო?  

როდესაც გამოძიებას გაუჩნდება ეჭვი, რომ შმმ პირს არ შეუძლია სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს ფაქტები, გამომძიებელი ითხოვს მისთვის ექსპერტიზის ჩატარებას. გამომძიებლები ხშირად ადვოკატებს ეუბნებიან, რომ ეს ექპერტიზა არის ფსიქოლოგიური, თუმცა ექსპერტიზის შესახებ დადგენილებაში მოთხოვნილია ფსიქოლოგიურთან ერთად ფსიქიატრიული შეფასება.  რას ნიშნავს ეს დადგენილება?

ექსპერტს ევალება შეაფასოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ხომ არ მოეჩვენა მის მიმართ განხორციელებული ძალადობა, ან სწორად აღიქვა თუ არა ფაქტები, რომლებზეც საუბრობს.

ასეთი სახის ექსპერტიზები, ერთ ადგილას და კვირაში მხოლოდ ერთ დღეს, ოთხშაბათობით, ტარდება. თუ რეგიონიდან არის ჩამოსული შშმ პირი და ვერ მოესწრო მისი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წაყვანა, მინიმუმ ერთი კვირა უნდა იცადოს (შემდეგ ოთხშაბათამდე), რომ ექსპერტებმა უცნაური კითხვები დაუსვან.

დების, ეკასა და მაკას, ისტორია

PHR იცავს შეზრუდული შესაძლებლობის მქონე დებს, ეკას და მაკას (სახელების შეცვლილია შშმ დების პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით), რომლების ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. 

ეკასა და მაკას პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ რამდენიმე ოთხშაბათი გავიდა, ვიდრე მათ მიმართ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდებოდა.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წავედით, გრძელ დერეფანში სკამზე ჩამოვსხედით და  ჩვენს რიგს ველოდებით.

ბიუროში მისვლამდე ეკას  დაწვრილებით ავუხსენი რას ნიშნავს ექსპერტიზის ჩატარება. გზაში კიდევ ერთხელ ვესაუბრები ექსპერტიზის შესახებ.

- თამუნა, შენც ხომ შემოხვალ?- მეკითხება ეკა ჩურჩულით.

- კი, კი. რა თქმა უნდა.- მეც ჩუმად ვპასუხობ.

ჩვენი რიგი რომ მოვიდა, ჯერ ეკასთან და მერე მაკასთან ერთად ცალ-ცალკე შევედი ექსპერტთან. ეკა სკამზე მორიდებულად ჩამოჯდა. პირველად ხედავს ადამიანს, რომელსაც უნდა მოუყვეს თავისი ცხოვრების უაღრესად მძიმე ისტორია.  ექიმი მიესალმა და ეკითხება:- აბა, მომიყევი, თუ ჩემთვის რამის თქმა გსურს.

ეკა ჩუმად ზის, თავი დახრილი აქვს, სავარაუდოდ, მაინც  ვერ ხვდება რატომ მოვიდა ექსპერტიზაზე? რა უნდა შეამოწმონ ექსპერტებმა?

კარგი, მაშინ მე შეგეკითხები.- ეუბნება ექიმი და ეკითხება გვარს და სახელს, ვისთან ერთად ცხოვრობს. დედ-მამა ჰყავს თუ არა.

„ორი ახალი წელი გავიდა, რაც დედა დაიღუპა. დედა სანამ ცოცხალი იყო, გვიცავდა იმ კაცისგან. ეჩხუბებოდა, ჩემს გოგოებს არ გაეკაროო“.- პასუხოს ეკა ხმადაბლა.

ზოგადი შეკითხვებიდან ექსპერტი უფრო „კონკრეტულ“ საკითხებზე  გადავიდა.

- აბა, ეკა, მითხარი რამდენია ოცდაათს გამოვაკლოთ შვიდი.

ეკა ცოტა დაიძაბა, ვერ უპასუხა.

ექსპერტი აგრძელებს „დაკითხვას“ და ეუბნება- „ყველაფერი რიგზეა. აბა რამდენიმე სურათს გაჩვენებ და მითხარი რომელია ზედმეტი“ და ეკას ოთხი განსხვავებული მცენარის  სურათს აჩვენებს.  ექიმის რეაქციით ჩანს, რომ ეკამ ვერც ამაზე გასცა „სწორი“ პასუხი.

- კარგი, აბა რა სეზონია ახლა?

- „რომელ ქალაქში ვართ“?

- „ახლა რომელი წელია“?

ზოგ შეკითხვას უპასუხა ეკამ, ზოგზე პასუხი გაუჭირდა.

უკაცრავად, რა უნდა შეაფასოთ ამ კითხვებით? ვეკითხები არცთუ ისე თავაზიანი ტონით.  იცის თუ არა არითმეტიკა, თუ ის რა გავლენა იქონია მასზე სექსუალურმა ძალადობამ?!

იცით რაა,- მპასუხობს ექსპერტი უხერხულად, -ეს შეფასების პროცედურაა.

რის შეფასების? კიდევ ერთხელ ვეკითხები. დანაშაულის შედეგად მიყენებული ტკივილის ხარისხის თუ მათემატიკური და ზოგადი უნარების?

არა, მხოლოდ ჩემი შეფასებით კი არ გადავწყვეტ, სხვა პროფილის ექიმებიც შეამოწმებენ.- მპასუხობს ექსპერტი.

და მე თუ არ ვიცი რამდენია ოცდაათს გამოვაკლოთ შვიდი, ეს ნიშნავს, რომ სწორად ვერ აღვიქვამ ფაქტებს? ან ჩემზე არ განხორციელებულა ძალადობა?- ვეკითხები ისევ...

არა, არა,- უხერხულად მპასუხობს ექსპერტი.- სხვადასხვა მეთოდით ვაფასებთ.

თამუნა, რატომ მეკითხებიან ამას, ჩემი არ სჯერათ?- მეკითხება ჩურჩულით.

- შენ ხომ გჯერა ჩემი, ამათ რატომ არ სჯერათ?

- ექიმები კითხვებს დაგისვამენ და ამის მიხედვით დასკვნას დაწერენ, --- ვუხსნი კიდევ ერთხელ ეკას.

- და ამ დასკვნაში რა ეწერება? მე სიმართლეს ვამბობ თუ არა?

რატომ არ სჯერათ ჩემი? სხვა გოგოებიც დადიან ასე სიმართლის შემოწმებაზე? მაკაზე ვნერვიულობ. ეწყინება თუ არ დაუჯერებ. - მეჩურჩულება ეკა.

მაკასთანაც  ანალოგიური პროცესი გავიარეთ, როგორიც მის დასთან.

სხვა პროფილის ექსპერტებთან შევედით. სართულიდან სართულზე დავდივართ, ყველა იმას ეკითხება ახლა სად არიან, რა სეზონია, რომელი ხილი უყვართ, რომელი ცხოველი, რომელი წელია და რამდენია ოცდაათს გამოვაკლოთ შვიდი.

ბოლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსთან   ყველა  ექსპერტი-ექიმი ერთად შეიკრიბა. მე და გოგოებიც ვესწრებით შეხვედრას.

- აბა რა ხდება? - კითხვას სვამს ხელმძღვანელი.

ექსპერტები ეკაზე და მაკაზე უყვებიან.

- იცით რა არის? -ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი, აი, საუბრობენ ძალადობაზე, მაგრამ კოგნიტური უნარები ცოტა რაღაც.... და უხერხულად მიყურებს.

- აბა, მოგვიყევით რა ხდება- ეუბნება დეპარტამენტის უფროსი, საპირისპირო სქესის ადამიანი.

ეკა და მაკა უკვე დაღლილები და დაძაბულები არიან. მთელი დღეა ექსპერტიზაზე ვართ.

უკვე ისაუბრეს, თანაც საკმაოდ ვრცლად თქვენი დაწესებულების ექსპერტებთან. - ვეუბნები ხელმძღვანელს.

ძალიან გთხოვთ, თქვენ ნუ ჩაერევით. თქვენ მარტო ჩვენთან დავასა და კამათს ხართ მოწადინებულები (PHR-ს გულისხმობს). მინდა საუკეთესო პოლემიკა გავუმართო,  თუმცა ჩემ გვერდით დაღლილი შშმ გოგოები არიან, რომელებიც აი, უკვე მეოთხე ექიმთან ერთი და იმავე ისტორიას ჰყვებიან და ხვდებიან, როგორი ეჭვის თვალით უყურებენ მათ ნათქვამს მათივე დიაგნოზის გამო.

გოგოებმა თავი უხერხულად იგრძნეს კაცთან და გაუჭირდათ საუბარი ძალადობაზე. 

- არა, რაღაცებს კი პასუხობენ...-კვლავ აგრძელებენ ექიმები...

ბევრი ვიწვალეთ თუმცა, ამაოდ. როგორც ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა,  ექსპერტებმა ვერც იმის დადგენა მოახერხეს ეკამ და მაკამ განიცადეს თუ არა ტანჯვა ნათესავი კაცის მიერ სექსუალური ძალადობისგან და ვერც იმის, „სწორად აღიქვამენ და იმახსოვრებენ თუ არა ფაქტებს“.

გოგოები ვიდეოთვალით ხშირად ვესაუბრები.  ახლა არ ვიცი, როგორ უნდა დავრეკო და ავუხსნა, რომ რამდენიმე ექიმმა ვერ შეძლო იმის გარკვევა, თუ რა განიცადეს მრავალჯერ განხორცილებული სექსუალური ძალადობის გამო  და ამაზე უფრო რთული ასახსნელია ის, რომ ექსპერტებმა მათი შშმ სტატუსის გამო  არ დაუჯერეს .

ვიდრე ამ მძიმე და სევდიანი ამბის ასახსნელად მოვემზადებოდი, დებმა  ვიდეოზარით დამირეკეს.

ეკრანიდან ორივე   გაბრწყინებული თვალებით მიყურებს.

„მოგვიანებით გილოცავთ ნათლისღებას თამუნა. გუშინ ეკლესიაში ვიყავით, სანთელი დავანთეთ, ვილოცეთ. ფოტოებიც გადავიღეთ, გამოგიგზავნით“ .-მეუბნებაინ მხიარულად.

დამძიმებული ვუყურებ ამ ორ არაჩვეულებრივ გოგოს. რაღაცნაირად მაინც ვიღიმი და არ ვიცი როგორ ავუხსნა ექპერტიზის დასკვნის შესახებ.

-გოგოებო,  - როგორც იქნა დავიწყე... ექსპერტიზაზე რომ ვიყავით. ექსპერტებმა ვერ შეძლეს იმის დადგენა, განიცადეთ თუ არა სულიერი ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

თითქოს არც გაკვირვებიათ.

„ იმათ ჩვენი არ სჯეროდათ თამუნა.  არ გვენდობოდნენ. ჩვენზე ასე ფიქრობდა იგონებენო, ტყუილს ამბობენო. მატყუარები არიანო, ასე ფიქრობდნენ. არ მოგვეწონა ექსპერტიზაზე ყოფნა“.

„იმ ექიმებიდან ერთი  მოგვეწონა, მაგრამ თურმე ისიც არ გვენდობოდა. ხომ მოვუყევით, რომ ნათესავი გვტკენდა და გვაშინებდა.

„ახლა მძივებს ვაკეთებთ. ასისტენტები გვეხმარებიან. რვეულში ვიწერთ, რასაც გავყიდით. უკვე შვიდმა ადამიანმა იყიდა ჩვენი მძივები.“ - სხვა თემაზე გადაიტანეს საუბარი გოგოებმა...

ვუსმენ ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდა გოგოებს, რომელებიც საკუთარ ისტორიასა და ემოციებზე მიყვებიან და მიჭირს იმის გააზრება, რომ სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო ეჭქვეშ დააყენა და დაურღვია ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება- მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

გოგოებმა ფსიქოლოგიურ - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დროს უპასუხეს, რომ ახლა ზამთარია. თბილისში არიან, ექსპერტიზის ბიუროში, საყვარელ ცხოველები ჰყავთ. გარდაცვლილი დედა ენატრებათ. დედა სანამ ცოცხალი იყო, მოძალადისგან იცავდა. დედის გარდაცვალების შემდეგ კი მოძალადე მათ ტანსაცმელს ხდის და ტკივილს აყენებს, ემუქრება, რომ ამაზე თუ ილაპარაკებენ, ორივეს დახოცავს. ისაუბრეს, რომ ეშინიათ მისი და ამის გამო მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადასვლა  არჩიეს. ღამე ფიქრობენ იმ საშინელებაზე, რომელსაც ნათესავი კაცი უკეთებდა, რის გამოც ტირიან და ვერ იძინებენ, მაგრამ ზუსტად არ იციან რამდენია ეს წყეული  ოცდაათს გამოვაკლოთ  შვიდი...

 

ბლოგი მომზადებულია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.