ბლოგის ავტორი: თამარ კაპანაძე
პარლამენტში ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზულ გამოწვევას უქმნის დემოკრატიას. გარდა იმისა, რომ ეს არის ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა, ის სერიოზულად აფერხებს ქალთა ხელმისაწვდომობას ხელმძღვანელ თანამდებობებზე და მათ შესაძლებლობას შეასრულონ მანდატი, რომლითაც ისინი აირჩიეს.
მიუხედავად იმისა რომ პარლამენტმა მიიღო გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც პარლამენტს ევალება ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებები, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, პარლამენტი ის ადგილია, სადაც ძალიან ხშირად ხდება უთანასწორობის ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროება, სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპების გამყარება ქალი პარლამენტარების მხრიდან კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო.
ბოლო დროს საკანონმდებლო ორგანოში განხორციელებული სექსუალური შევიწროების მაგალითი იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მიმართვა ოპოზიციონერი თეონა აქუბარდიას მიმართ, რომელიც კომიტეტში მისი მოადგილეცაა, „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისაგან თავი შეიკავოს“. სექსუალური შევიწროების პასუხად რამდენიმე პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადა, თუმცა, ასევე, ისიც განმარტეს, რომ „სექსისტური რეპლიკებისთვის“ არავინ დაისჯებოდა და ოპოზიცია თუ საზოგადოება ბოდიშით უნდა დაკმაყოფილებულიყო[1].
გენდერული თანასწორობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა საკანონმდებლო დონეზეც. კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულების[2] საწინააღმდეგოდ პარლამენტის წევრებმა - იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ჰერმან საბომ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა საკანონმდებლო ინიციატივით მიმართეს პარლამენტს, რომლის თანახმადაც სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა. სავალდებულო გენდერულ კვოტირებაზე 2020 წელს იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ „კონსტიტუციის მიზანია, შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც ქალი და მამაკაცი თანაბარი შრომითა და უნარებით თანაბარ წარმატებას მიაღწევენ. ხსენებული კი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს სქესთან დაკავშირებული და მისგან მომდინარე წარმატებისთვის ხელისშემშლელი ხელოვნური ბარიერების დამაბალანსებელი მექანიზმების შექმნით“
ინიციატივის განხილვის დროს ჟღერდა დისკრიმინაციული გამონათქვამები. სტერეოტიპული და შეურაცხმყოფელი იყო ვახტანგ მეგრელიშვილის კომენტარიც, რომელმაც ქალ პარლამენტარებს მიმართა და აღნიშნა: „მეც „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები იყოთ. მე ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არიან და რა ვქნა? ჩემი სიამოვნებისთვის ძალით ხომ ვერ მოვიყვან? ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით, არა? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“. ვახტანგ მეგრელიშვილს აღნიშნული განცხადების გამო ბოდიში არ მოუხდია.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა საქმის განხილვის დროს გამოთქმულ ვარაუდზე, რომ „ქალებს, უბრალოდ, ნაკლებად გააჩნიათ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი“. სასამართლომ, თავის მხრივ აღნიშნულთან მიმართებით განმარტა, რომ ეს ვარაუდი მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ქალის პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ხელოვნური საზოგადოებრივი ბარიერის არსებობაზე, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკა ნაკლებად მიიჩნევა ქალისათვის შესაფერის საქმიანობად. აღნიშნულ პოზიციას განამტკიცებს ვახტანგ მეგრელიშვილის კომენტარიც, რომლისთვისაც ქალების სიმრავლე ჰარემთან ასოცირდება, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში მისთვის ქალების ადგილი არ არის.
„პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობას გააჩნია მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა, გადაცემადი ეფექტი სხვა სფეროებში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ქვეყნის მართვაში ქალების წარმომადგენლობის გაზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი სტერეოტიპების დამარცხებას, რომლის თანახმადაც, გარკვეული საკითხები „ქალის საქმე არ არის“ და მათ მთელ რიგ სფეროებში გადაწყვეტილების მიღებისას კაცის თანასწორი უფლება არ გააჩნიათ“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მიმართ შეურაცხმყოფელი, სექსისტური და ღირსების შემლახველი განცხადებები[3] ხელს უწყობს და ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, განამტკიცებს სტერეოტიპულ შეხედულებებს ქვეყანაში.
პარლამენტის წევრების მიმართ მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი,“ რომლის თანახმად, პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპით, პატივი უნდა სცეს და აღიაროს კაცების და ქალების თანაბარი უფლებები. ასევე, ეთიკის კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება“.
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე პასუხისმგებლობები და ვალდებულებები მკაცრად გაწერილია, ეფექტური რეაგირება მიმდინარე განცხადებებზე არც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოს (ქართული ოცნების წარმომადგენელი ქალი პარლამენტარების ჩათვლით) მოუხდენია და არც ეთიკის კოდექსის შესაბამისად დამდგარა პარლამენტარების პასუხისმგებლობის საკითხი. საკანონმდებლო ორგანოში ქალების მიმართ სისტემური მიზოგინური და ღირსების შემლახველი განცხადებები კი პირდაპირ პროპორციულად ახდენს უარყოფით გავლენას ქვეყანაში არსებულ გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ქალი ხშირ შემთხვევაში არ აღიქმება მამაკაცის თანასწორ, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღებ სუბიექტად. მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი და ქალების სასტარტო პირობები განათლების მიღებისა და საკუთარი ცხოვრების დანერგვის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.
[1] https://jam-news.net/ge/irakli-beraia-teona-aqubardiaze/
[2] საქართველოს კონსტიტუცია.
მ. 11. პ. 3. „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა
და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი
თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“
[3] ბექა ოდიშარიამ პარლამენტარ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა. https://netgazeti.ge/news/716193/