PHR იცავს 12 წლის ბავშვს, რომელსაც ხილის უნებართვოდ დაკრეფის გამო მეპატრონეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  აღნიშნულ საქმეზე  2021 წლის 15 ოქტომბერს  გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბავშვის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა ერთი მეპატრონის მხრიდან ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხოლო მეორე მეპატრონის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გორის რაიონულ სასამართლოში. ბრალდების მხარე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა.

2022 წლის 29 მარტს გორის რაიონულმა სასამართლომ ბავშვის ადვოკატის შუამდგომლობაზე იმსჯელა.

ადვოკატის მოთხოვნა:

ბავშვის ადვოკატი ეროვნული და საერთაშორისო  სტანდარტის მითითებით სასამართლოსგან დაზარალებული ბავშვის დაკითხვისას ითხოვდა:

  • ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას - კერძოდ, ბრალდებულსა და დაზარალებულ ბავშვს შორის კონტაქტის დაუშვებლობას. ამ მიზნით ბრალდებულის დასწრების გარეშე ბავშვის დაკითხვას.
  • ბავშვის დისტანციურ დაკითხვას ნეიტრალური გარემოდან - ადვოკატის მითითებით ასეთ ნეიტრალურ გარემოს წარმომადგენდა ის სივრცე, სადაც ბავშვმა ფსიქო-თერაპიული მომსახურება მიიღო.
  • ბავშვის დაკითხვას მხოლოდ პირდაპირი დაკითხვის წესით - რაც  გულისხმობდა ბავშვის დაკითხვის წარმოებას სპეციალიზებული ინტერვიუერის, ფსიქოლოგის ან თავად მოსამართლის მიერ მხარეთა მიერ წინასწარ მიწოდებული კითხვების შესაბამისად.
  • ბავშვის დაკითხვას დახურულ სასამართლო სხდომაზე - რაც მათ შორის მიზნად ისახავს ბავშვის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის დაცვას.


მხარეთა პოზიციები:

პროკურორი სრულად დაეთანხმა ბავშვის ადვოკატის შუამდგომლობას. ხოლო ბრალდებულის ადვოკატები არცერთ მოთხოვნას დაეთანხმნენ.


სასამართლოს პოზიცია:

სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე)  ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული ბავშვის ადვოკატის შუამდგომლობა და განსაზღვრა ბავშვის დაკითხვის პროცედურა შემდეგი სტანდარტით:

  • ბავშვის დაკითხვა ჩატარდეს დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბავშვი დაიკითხოს ბრალდებულის დასწრების გარეშე, დისტანციურად იმ სივრციდან სადაც ფსიქო-თერაპიული მომსახურება მიიღო.  ამავდროულად, მოსამართლემ განსაზღვრა, რომ ბავშვის დაკითხვა განხორციელდეს ფსიქოლოგის თანდასწრებით.
  • სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სხვა გარემოებების არსებობის გარეშეც, საკმარისად მიიჩნევს ბავშვის სურვილს არ დაიკითხოს ბრალდებულის თანდასწრებით.
  • სასამართლომ ბავშვის ადვოკატის მოთხოვნა ჯვარედინი დაკითხვის დაუშვებლობაზე  არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ მიუთითა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ხოლო გამოყენებული შეზღუდვა უნდა იყოს თანაზომიერი. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ბავშვის ინტერესების დაცვა წარმოადგენს შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, ამავდროულად მოთხოვნილი შეზღუდვა არის თანაზომიერი. მოსამართლის განმარტებით ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, არ ითვალისწინებს ჯვარედინი დაკითხვის შეზღუდვის შესაძლებლობას, მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მითითება ვერ გადაწონის  ბრალდებულის უფლების შეზღუდვას.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ბავშვის დაკითხვის აღნიშნული სტანდარტი მართალია აუმჯობესებს აქამდე არსებულ პრაქტიკას, თუმცა PHR არ ეთანხმება, სასამართლოს განმარტებას საკანონმდებლო ჩანაწერის არ არსებობის გამო ბავშვის ჯვარედინი დაკითხვის შეზღუდვის შეუძლებლობაზე. საერთაშორისო ხელშეკრულებებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა, რაც ამავდროულად წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ  ბავშვის უფლებას. დავის განმხილველი ორგანოები/პირები შებოჭილნი არიან ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის პრიმატით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს. სწორედ აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს ლეგიტიმურ საფუძველს მოსამართლისთვის იმოქმედოს ბავშვის ინტერესების დასაცავად ნებისმიერ სიტუაციაში.

PHR აგრძელებს 12 წლის ბავშვის ინტერესების დაცვას.