დღეს,
26 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, PHR-მა გამართა სამუშაო შეხვედრა “ფსიქოლოგის როლი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ სამოქალაქო
და ადმინისტრაციული საქმეების განხილვაში”. შეხვედრაზე მოხსენებები
გააკეთეს და დისკუსიაში ჩაერთნენ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადვოკატები, ფსიქოლოგები,
მოსამართლე და სხვა პროფესიონალები.
თბილისის
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დეტალურად მიმოიხილა ადამიანის უფლებების საერთაშორისო
ხელშეკრულებებით და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩარჩო, რომელიც
სასამართლო საქმეში ჩაბმულ ფსიქოლოგებს მიმართ კანონმდებლობის ძირითად მოთხოვნებს ადგენს. მოსამართლე აგრეთვე შეეხო ევროპის საბჭოს
და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტებს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის
მიერ დადგენილ გაიდლაინებს. მან დამსწრეებს გააცნო ადამიანის ევროპული სასამართლოს
მსჯელობა ფსიქოლოგების მხირდან კვალიფიციური დასკვნების შედგენასა და ამ დასკვნების
გათვალისწინების თემებზე. მიმოიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არასრულწლოვანთა
ჩართულობის საკითხზე სამართალწარმოებაში.
სასამართლო
ფსიქოლოგიაში ჩართულმა ფსიქოლოგებმა თამთა საამიშვილმა და ნინო ლორთქიფანიძემ შეხვედრაზე
წარადგინეს ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ფსიქოლოგის ექსპერტული
დასკვნა, მათ შორის მეთოდოლოგიის სანდოობის და ვალიდობის შემოწმების ჩათვლით. აგრეთვე,
სამართლის პროფესიონალებთან ერთად იმსჯელეს დღემდე კანონმდებლობით დაურეგულირებელ საკითხებზე,
რაც ხშირად ხელს უშლის ბავშვის ინტერესის დაცვას სასამართლოში. საუბრისას ხაზი გაესვა
ფსიქოლოგთა სპეციალიზაციის საკითხს.
სახელმწიფო
ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ფსიქოლოგებს შორის კონსენსუსის არსებობის
აუცილებლობას ბავშვის შეფასების პრობლემატურ საკითხებზე, თერაპიის და შეფასებითი საქმიანობის
მკვეთრ გამიჯვნას და სხვა პრობლემურ საკითხებს.
PHR გააგრძელებს აღნიშული თემის დამუშავებას
პროფესიულ საზოგადოებაში და დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერებულ საინტერესო მოსაზრებებს
პროფესიული ბლოგების და სტატიების ფორმით მიაწვდის ფართე საზოგადოებას.
შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა
USAID/PROLoG-ის
ფინანსური მხარდაჭერით.